სიახლეები

ჯვარცმის მინდორი
17-ივლ-2019

სამტრედიის სოფელ კულაშის ჯვარცმის მინდორთან და იქ ადრე არსებულ ტაძართან მრავალი საინტერესო მოვლენა და ლეგენდაა დაკავშირებული.

„ერთ დროს საუკეთესო თავადთა მიქელაძეთა საცხოვრებელში ახალ კვირეობა ყოფილა განთქმული“. ლეგენდის მიხედვით მიქაელ მიქელაძეს ჰყოლია შვილი აბესალომი. ის გარდაცვლილა ქრისტეს აღდგომის დღესაწაულის წინა დღეებში. მოხუცი დედა გულდათუთქული დასტიროდა თურმე ერთადერთ ვაჟს. მხცოვან მამას კი აღდგომის დილას მოუკრებია ძალა მისულა მგლოვიარე თანამეცხედრესთან მოუხვევია ხელი მისთვის და მკაცრად უთქვამს: „ახლა არ არის წუხილის დრო..... დაე იყოს უფლის ნება! უკეთესი იქნება წავიდეთ და მაცხოვრის აღდგომისათვის ვილოცოთ“. მოხუცები გამგზავრებულან ტაძარში. სახლში დაბრუნებულ მიქაელს ხელში წითელი კვერცხი დაუჭერია მისულა შვილის კუბოსთან და სამჯერ წარმოუთქვამს: „ქრისტე, აღადგინე ჩემი შვილი“, „ქრისტე, აღადგინე ჩემი შვილი“, „ქრისტე, აღადგინე ჩემი შვილი“ მესამე წარმოთქმის შემდეგ, გარდაცვლილს გამოუწვდია ხელი, აუღია კვერცი და წარმომდგარა კუბოდან.

აქედან მოყოლებული მიქელაძეები აღდგომას აღნიშნავდნენ არა ისე როგორც მთელი მართლმადიდებლური სამყარო, არამედ ამ სასწაულის მოხდენის დღეს - ქრისტეს აღდგომის მომდევნო კვირას, რომელსაც იმერეთში უწოდებენ ახალ კვირას. ამ დღეს ტარდებოდა თურმე ბურთაობა, რომელშიც 1500 ქვეითი და 500-მდე ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. მაყურებელი კი გაზეთ „დროების“ ცნობით ათი იმდენი ყოფილა.