სიახლეები

მუხაღრუას (მუხაყრუა) ისტორია
13-აგვ-2019

მუხაღრუა (მუხაყრუა) განფენილი იყო მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. 

მუხაღრუა მოიცავდა ამჟამინდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალისა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის, სოფელ შუამთისა და სოფელ ტობანიერის ცალკეულ და მიმდებარე უბნებს. 

როგორც არქეოლოგიური მასალები მოწმობენ აღნიშნული ტერიტორია უძველესი დროიდანვე იყო დასახლებული. 
დადასტურებულია, რომ დაბლა გომის ტერიტორიაზე, რომელიც ახლო მანძილზე მდებარეობს სოფელ კორმაღალთან არის აღმოჩენილი ანტიკური ხანის ნასახლარები, რომლებიც განეკუთვნებიან ადრინდელ ანტიკურ (ძვ. წ. VI-IV სს) და ადრე ელინისტურ (ძვ. წ. IV-II სს) ხანას. 

აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები მოწმობენ, რომ ანტიკურ პერიოდში აქ ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი ყოფილა. 

მუხაღრუას ტერიტორიაზე გადიოდა დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო კასპიის ზღვიდან ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით აღწევდა შავ ზღვამდე. 

 ძველი წელთ აღრიცხვის პირველი საუკუნის ბოლოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრება რატომღაც შეწყვეტილა... 
ისტორიული წყაროების არ ქონის გამო ძნელია იმის თქმა თუ რა დროიდან აღსდგა მუხაღრუას ტერიტორიაზე ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ უდავოა, რომ გვიან შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ცხოვრება ისევ ჩქეფდა. 

 გადმოცემის მიხედვით, იმერეთის აჯანყების (1819-1820) ჩახშობის შემდგომ, რუს მიწის მზომელს უკითხავს ახლად დასახლებული სოფლის სახელი, რომელზეც ადგილობრივებიდან პასუხად მიუღია - მუხაღრუა, რუსს გატეხილი ენით უთქვამს და თავის მიწის აზომვით ჟურნალშიც ჩაუნიშნავს: ამ ადგილს მუხაკრუა (მუხაყრუა) დაერქვასო... 

მუხაღრუას (მუხაყრუა) ტერიტორია, შედიოდა ჩიჯავაძეების ცნობილ სათავადო მამულების შემადგენლობაში.