სიახლეები

 ოკრიბელი და გაენათელი გლეხების ჩასახლება მუხაღრუაში (მუხაყრუაში)
19-აგვ-2019

 

მუხაღრუა განფენილი იყო რიონის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

მუხაღრუა მოიცავდა ამჟამინდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალისა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის, სოფელ შუამთისა და სოფელ ტობანიერის ცალკეულ და მიმდებარე უბნებს...

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, 1757 წლის ხრესილის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობისა და ერთგულების გამო იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა (1752-1784), გაენათიდან და ოკრიბიდან მუხაღრუას ნოყიერ მიწებიან ტერიტორიაზე დაასახლა შემდეგი გვარის გლეხები: გვენეტაძეები, გოგოლაშვილები, ქაშიპაძეები (ქაშიბაძეები), ჩუბინიძეები, ბასილაძეები, არაბიძეები, კაკაურიძეები, ბაკურაძეები, იდაძეები, სულაქველიძეები, ნიშნიანიძეები, ალფაიძეები, ბერეკაშვილები, ძოძუაშვილები, გიორგაძეები, მაჭარაძეები და ყვიბანეიშვილები (ყუბანეიშვილები) ეს უკანასკნელნი სამღვდლო წოდებისანი არიან XIX საუკუნის ოციანი წლებიდან.

გაენათიდან და ოკრიბიდან გადმოსახლებულ გლეხებს აუთვისებიათ ,,მუხაღრუა,,-ს დაუსახლებელი ტერიტორიები და 1807 წელს ,,ომბახო,,-ს ბორცვზე ღვთისმშობლის შობის სახელზედ აუგიათ ხის ეკლესია...

მუხაღრუას ამ მიდამოებს ადგილობრივები დღემდე „გაენათი“-ს სახელს უწოდებენ...

მეორე გადმოცემის თანახმად, გაენათელი და ოკრიბელი საეკლესიო გლეხები სახნავ-სათესი მიწების სივიწროვეს განიცდიდნენ, ამიტომ გელათის ეპისკოპოსმა აწ უკვე წმიდანად შერაცხულმა ექვთიმე (ეფვთიმე) გაენათელმა (შერვაშიძე 1747-1821წწ) იმერეთის მეფე სოლომონ მეორეს (1789-1810) სთხოვა გელათის მონასტრისათვის შეეწირა სახელმწიფო მიწები გაენათელი და ოკრიბელი საეკლესიო გლეხების დასასახლებლად. სოლომონ მეორემ დააკმაყოფილა ეპისკოპოსის თხოვნა და გელათის მონასტერს შესწირა სახელმწიფო მიწებიდან ორი ნაკვეთი, პირველი სამოსახლოდ, მეორე სახნავ-სათესად (მუხაღრუა და მისი მიმდებარე რიონისპირა ტერიტორია).

ეს გადმოცემა, რომ რეალობას ემყარება, დასტურდება იმერეთის მეფე სოლომონ მეორის 1808 წლის შეწირულობის სიგელითა და ,,მუხაღრუა,,-ს ადგილების განაწილების სამეფო დოკუმენტით, რომელიც დათარიღებულია 1800-1810 წლებით...

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსათვის, საეკლესიო მასალების მიხედვით, მუხაღრუაში არსებობდა: მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესია (გაენათი), მასზედ მიწერილი ღვთისმშობლის შობის ეკლესია (კორმაღალი), წმიდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია (კორმაღალი), წმიდა გიორგის ეკლესია (კორმაღალი)...