სიახლეები

მუხაღრუას (მუხაყრუა) ღვთის მშობლის შობის ეკლესია (გაენათი)...
21-აგვ-2019

მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესია 1819-1820 წლების აღწერის მიხედვით, აშენებული არის 1807 წელს ხის მასალებით, გაენათიდან და ოკრიბიდან მუხაღრუაში ჩამოსახლებული გლეხების მიერ... 

მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესია მდებარეობდა დღევანდელი ვანის მუნიციპალიტეტის მთისძირის, შუამთისა და ტობანიერის საზღვარზე, „ომბახოს“ ბორცვზე, რომელსაც ადგილობრივები დღემდე „გაენათი“-ს ეძახიან... 

 ამავე აღწერით, მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესიას ჰყავდა 17 კომლი მრევლი: გვენეტაძე, გოგოლაშვილი, ქაშიპაძე (ქაშიბაძე), ჩუბინიძე, ბასილაძე, კაკაურიძე, ბაკურაძე, არაბიძე, იდაძე, სულაქველიძე, ნიშნიანიძე, ალფაიძე, ბერეკაშვილი, ძოძუაშვილი, გიორგაძე, მაჭარაძე და ყვიბანეიშვილი (ყუბანეიშვილი). ახლად აშენებული ეკლესიის მღვდლად ქვიტირიდან გადმოუყვანიათ ანდრია მათეს-ძე ყუბანეიშვილი (1763-1848)...

1832 წლისათვის მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესიის „სამრევლო სახლნი“ შეადგენს 25 კომლს, 1835 წლისათვის 35 კომლს, 1841 წლისათვის 48 კომლს, ხოლო 1885 წლისათვის კი 105 კომლს... წლების განმავლობაში ეკლესიის მრევლთა რაოდენობა იზრდებოდა, რაც მიუთითებს ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობის ზრდას... 

1878-1882 წლებში მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესიაზედ მსახურობდა მომავალში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მამა მიხეილ დავითის-ძე ცინცაძე. აქვე, ნათლისღება აქვს მიღებული შემდგომში ეპისკოპოსს ნესტორ ყუბანეიშვილს...

1903 წელს მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ხის ეკლესიის ადგილზედ დაუსრულებიათ ულამაზესი ქვის ეკლესიის მშენებლობა, ქვის სამრეკლოთი... 


სამწუხაროდ, 1944 წელს მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესია ვერაგულად დაანგრიეს ათეისტებმა. დანგრეული ეკლესიის ქვებით მოაწყვეს ტობანიერის სკოლის საძირკველი და კედლები, ასევე, მთისძირის კოლმეურნეობის კანტორა. ეკლესიის ერთი ზარი აუტანიათ საბალახო მთაზე, ხოლო მეორე დიდი ზარი დაუმარხავთ მთისძირის კოლმეურნეობის კანტორის ეზოში... 


ღვთის შეწევნით, 2013 წლის გაზაფხულიდან, ვანი-ბაღდადის ეპისკოპოსის ანტონის (ბულუხია) ლოცვა-კურთხევით, ადგილობრივი მკვიდრების: ზაზა ოჩხიკიძის, ვალერი მაჭარაძის, რამაზ არველაძისა და პაატა მამფორიას ხელმძღვანელობით, საფუძველი ჩაეყარა მუხაღრუას ღვთისმშობლის შობის ეკლესის ნანგრევების მიმდებარედ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მალე დასრულდება და იკურთხება აწ უკვე წმიდანად შერაცხული იმერეთის მეფე სოლომონ მეორის (1789-1810) სახელზედ...