ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

„კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონული განვითარების ფონდი"-ს   მთავარი მიზანი არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ეკლესია-მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიის შესწავლა და პოპულარიზაცია. 

ფონდმა საქმიანობა დაიწყო სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ხონი-სამტრედიის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) ლოცვა-კურთხევით.

ფონდმა სასულიერო პირებისა და მრევლის, საზოგადო მოღვაწეებისა (ჯონი ნადირაძე ...) და მოწვეული ისტორიკოსების (ედიშერ გვენეტაძე ...) თანადგომით 2010 წლიდან დაიწყო სამტრედიის უბნებისა და სოფლების შემოვლა, სადაც აღიწერა არსებული და ნანგრევებად ქცეული ეკლესია - მონასტრები, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიულ-საგანმანათლებო ცენტრები.

საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოხდა წარსული ისტორიის შესწავლა. გამოქვეყნდა წიგნები და ბროშურები, რომლებშიც აღიწერა ცხოვრება და მოღვაწეობა წმინდანებისა - მღვდელმოწამე ექვთიმე გაენათელი მიტროპოლიტისა (შარვაშიძე 1822 წ.), წმიდა ფილიმონისა ერისათვის თავდადებულისა (ქორიძე 1911 წ.), მღვდელ-მოწამე ნაზარისა (ლეჟავა 1924 წ), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა წმიდა კალისტრატესი (ცინცაძე 1952 წ.), მოწამეობრივად აღსრულებულ დეკანოზ ტროფიმე ცინცაძეზე (1906 წ.), ასევე სხვა სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებზე.

ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით არაერთ ეკლესია-მონასტერს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

დაიწერა ზანდოს წმიდა გიორგის, ქუტირის წმიდა გიორგის, ქუტირის წმიდა პანტელეიმონ მკურნალის, წმიდა ნაზარი ლეჟავას და სხვა წმინდანების ხატები, რომლებიც დაბრძანებულ იქნა ტაძრებში, ასლები კი საჩუქრად გადაეცა მოსახლეობას.

ფონდის საქმიანობის ფარგლებში ეკლესია-მონასტრების, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ ისეთი ახალი ფაქტები გამოიკვეთა, რომელიც ფართო საზოგადოებრიობისათვის დღემდე ცნობილი არ იყო.

ფონდმა თავისი არსებობის მანძილზე არაერთი საქველმოქმედო საქმიანობა განახორციელა, მათ შორის: წარჩინებული სტუდენტების, უმწეოებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება-დაფინანსება.

ფონდის სამომავლო მიზანია შექმნას საქართველოს რეგიონებში წარმომადგენლობები. შესაბამისად თითოეულ მუნიციპალიტეტში აღიწეროს არსებული ეკლესია-მონასტრები და კულტურულ - ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები. მოხდეს მათი წარსულის შესწავლა და წიგნებად გამოცემა.

ხელი შეუწყოს ტურისტულად მნიშვნელოვანი არეალების პოპულარიზებას, ტურების დაგეგმვას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომლებიც სამომავლოდ, შესაძლოა, მნიშვნელოვან ტურისტულ ზონებად იქცეს.

ფონდისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა რეგიონის სტუდენტების საქმიანობაში ჩართვა, რათა მათ შექმნან საინიციატივო ჯგუფები და მოხდეს მუნიციპალიტეტებში კულტურული კერების აღმოჩენა, ასევე მათი პოპულარიზაცია.

ახალგაზრდები თავისი ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში: აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლსა და კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ასევე ოკუპირებულ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, მოახდენენ იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, რაც მომავალ თაობებს მიაწვდის ინფორმაციას თუ რა ისტორიული სიმდიდრის მატარებელია საქართველო.

ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი - სერგო რუხაძე.